მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაიწყო მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემების შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და მერე უკვე ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში, სისტემის ჩაქრობას აგვარიდებს თავიდან, – ამის შესახებ „სემეკის“ თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მიიღეს პირველადი ინფორმაციები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან და სხვა პირებიდან, თუმცა გარკვეული ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების რეჟიმშია.
„ყველაფრის თავმოყრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. ენგურჰესი, რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დაბალანსება, რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები. წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემები, აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს აპარატურა, აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან ასევე შესაბამის დასკვნას“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, ყველა უწყება, ყველა პირი წარმოადგენს თავის მოსაზრებებს, ინფორმაციას, რომელიც გაანალიზდება.
„ამ უამრავ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ზუსტად მილიწამებში მომხდარი ავარიის შესახებ გააკეთებს შეფასებას და ეს არ არის ადვილი. ადრე მუშაობდა აღნიშნული დაცვის სისტემები, ამ შემთხვევაში არ იმუშავა. რა გახდა ამ ხარვეზის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ამაზეა კითხვები, რომელიც ჩვენ დავსვით. შესაბამისად, უნდა მივიღოთ პასუხები. ამ პასუხების მიღებაში დაგვეხმარება იმ ექსპერტების დასკვნა, რომლებიც სპეციალურად ამისთვის არიან ჩამოსულები. დაცვის მოწყობილობები არ აქვს მხოლოდ სახელმწიფო ელექტროსისტემას. დაცვის მოწყობილობები გააჩნია ენგურჰესსაც, სხვა გენერაციის ობიექტებსაც და ისინი უნდა იყოს ერთმანეთთან სინქრონში. ასე რომ, წინასწარი დასკვნები ჯერ არ უნდა გავაკეთოთ. ენგურჰესს ძალიან ბევრჯერ აქვს აღნიშნული ფუნქცია შესრულებული, როცა სისტემაში იყო შეშფოთებები, ენგურჰესმა ეს ტვირთი აიღო თავის თავზე, დააბალნსა სისტემა. სწორედ ამიტომ არის ენგურჰესი მარეგულირებელ სადგურთა შორის. ენგურჰესისნაირი მეორე სადგური რომ გვქონოდა, ენგურჰესზე არსებული, შესაძლო ხარვეზის შემთხვევაში, მეორე დაგვიცავდა ამ ყველაფრისგან, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ გვაქვს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.