გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში შპს „ფემილი რითეილის“ საწარმოს ეწვია.

დავით სონღულაშვილი საწარმოს ინფრასტრუქტურას, მზა კერძების, საკონდიტრო ნაწარმისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნო. მინისტრი საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა და დარგის განვითარების, ხარისხის სტანდარტებისა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც მაღალი ხარისხის, უვნებელ პროდუქციას აწარმოებენ და თანამედროვე სტანდარტების საშუალებით ქმნიან კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ფემილი რითეილი“ მზა კერძებს, საკონდიტრო ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. კომპანია ასევე ფლობს სასურსათო მაღაზიების ქსელს, რომელიც 30 ფილიალს აერთიანებს. საწარმო 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.