სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებას, საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელში, დაბალ ფისკალურ პარამეტრებსა და ზოგადად, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.
მისი თქმით, განახლებულ ანგარიშში სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე დატოვა.
სარეიტინგო სააგენტომ ასევე განაახლა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,4%-ის, ხოლო 2027 წლისთვის 5,5%- ის ფარგლებში გაიზრდება.
„განახლებული პროგნოზებით, ასევე მოსალოდნელია ისეთი ფისკალური პარამეტრების, როგორიცაა ფისკალური დეფიციტი და ვალი, კლებად და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნება. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს როლი შუა დერეფნის დაკავშირებადობის პროექტებში. საუბარია ახლახან გახსნილ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, ფოთის პორტის გაფართოების პროექტი. აღნიშნულია, რომ ამ პროექტებში საქართველოს როლი უზრუნველყოფს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის დამატებითი ფაქტორების შექმნას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

