საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტს, ძოუ ჯიაის (Zou Jiayi), რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 5 წლის ვადით მიმდინარე წლის იანვარში დაიკავა.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.    

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული  ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები და მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც ბანკს შეაქვს ქვეყნის მდგრადი განვითარების საქმეში. 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მათ მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა ბანკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.