სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 876.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 61.7 პროცენტს შეადგენს.
უწყების მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 62.6 პროცენტით გაიზარდა და 2 391.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 417.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 308.4 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 243.7 მლნ. აშშ დოლარით.
2026 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 466.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 147.5 მლნ. აშშ დოლარით.