ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისში მიმდინარე სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმში  (HIF – Hospitality Investment Forum) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ნადარეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის და მათ შორის სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარების დინამიკა და შემდგომი პერსპექტივები, ასევე ამ მიზნით მიმდინარე პროექტები გააცნო.

„ტურიზმი  საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული და მზარდი დარგია. დღეს ქვეყნის მშპ-ს თითქმის 10% ტურიზმის სექტორით არის წარმოდგენილი. ეს არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მქონე სფერო დასაქმების კუთხით. ასევე ბიზნეს სექტორის დივერსიფიცირების თავლსაზრისით - ტურიზმის ინდუსტრიაში გვყავს ათასობით მიკრო და მცირე მეწარმე და ამავე დროს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიებიც. ასევე ძალიან ფართოა იმ პროდუქტებისა და სერვისების დიაპაზონი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიისთვის არის საჭირო“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით არსებული რეკორდული მაჩვენებლები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.  „გასულ წელს რეკორდულ 7.8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს. 2025 წელს შემოსავლების კუთხითაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 70% არიან ტურისტები, რომლებიც განმეორებით ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაც -  1.2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. მნიშვნელოვნად ვაფართოვებთ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტს, ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება  პირდაპირი ფრენების სტიმულირების მიმართულებით. 2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი საჰაერო ხაზზე ოპერირებდა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.  „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით გვაქვს მკვეთრი ზრდა, მათ შორის საერთო ჯამში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია  2000-მდე პროექტი, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას და სხვა ტურისტულ მიმართულებებს უკავშირდება” - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაა - ფორუმში მონაწილეობენ წამყვანი სასტუმრო ბრენდები, ინვესტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო დეველოპერები, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები.