ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი (IWSC) საქართველოში, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში ჩატარდება. ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ.

კონკურსზე მიღებული აღიარების მნიშვნელობაზე, მეღვინეობის განვითარების პრიორიტეტებსა და საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებაზე, გვესაუბრება 2026 წლის ოქროს მედლის მფლობელი კომპანიის, „მილდიანის საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებელი, ელდარ მილდიანი.

ბ-ნო ელდარ, რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი თქვენი მეღვინეობის და სამომავლო გეგმებისთვის?

IWSC-ის ოქროს მედალი იმ სწორი გზისა და ხარისხის აღიარებაა, რომელსაც „მილდიანის საოჯახო მეღვინეობა“ უკვე 35 წელია ერთგულად მიჰყვება. ეს მაღალი შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტრადიციული ქართული ღვინო თავისი ავთენტურობითა და უნიკალური ტერუარით აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია გლობალურ ბაზარზე. წარმატება ამყარებს ჩვენს პოზიციებს არსებულ საერთაშორისო ასპარეზზე და გზას გვიხსნის ახალი პლატფორმებისკენ.

რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენი მეღვინეობის განვითარებისა და წინსვლისთვის?

ჩვენი განვითარების ფუნდამენტი ტრადიციისა და თანამედროვეობის ჰარმონიული სინთეზია. განსაკუთრებულ ყურადღებას სამ ძირითად მიმართულებას ვუთმობთ: ვენახს, ინოვაციებსა და მომხმარებელთან ურთიერთობას. ვენახი ის ადგილია, საიდანაც ჯიშის ავთენტური ხასიათი, მისი ავთენტურობა და სინამდვილე მოგვაქვს. ტექნოლოგიური ინოვაციები საშუალებას გვაძლევს, საუკუნოვანი ქვევრის მეღვინეობა და თანამედროვე მიდგომები ჰარმონიულად ავსებდნენ ერთმანეთს. მომხმარებელთან კომუნიკაციისას კი ვცდილობთ, მსოფლიოს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინო, არამედ ქართული ღვინის მდიდარი კულტურა და ჩვენი 35-წლიანი ოჯახური მეღვინეობის ისტორია გავუზიაროთ.

IWSC-ში მონაწილეობის გამოცდილებით, რას ურჩევდით სხვა ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების გამოყენების კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი მედლის მიღების შემდეგ?

სხვა ქართველ მეღვინეებს ვურჩევდი, არასდროს შეუშინდნენ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და საკუთარი პროდუქტის პროფესიონალურ შეფასებას. IWSC-ის მსგავს კონკურსებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, მიიღო ობიექტური უკუკავშირი და ის სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენო. მედლის მიღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი კომუნიკაცია და ამ აღიარებით მოტანილი პასუხისმგებლობის გააზრებაა. მედალი თავისთავად ღვინოს ვერ გაყიდის — ის მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს. ამასთან, ჯილდოს მოპოვებაზე გაცილებით რთული ხარისხის სტაბილური შენარჩუნებაა: მომხმარებელი, რომელიც ოქროს მედალოსან ღვინოს ყიდულობს, ყოველ მომდევნო მოსავალში იმავე უმაღლეს სტანდარტს ელის. და ბოლოს, თითოეული ქართული მეღვინეობის წარმატება ასეთ პრესტიჟულ პლატფორმაზე მნიშვნელოვანი იმპულსია მთლიანად საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის, გლობალური ცნობადობისა და პოზიციონირების ასამაღლებლად.