დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, ბიზნესის, დამსაქმებელთა და საბანკო ასოციაციებს, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ის ცვლილებები გააცნო, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი დასაქმების უფლების უზრუნველყოფა და დაცვა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მიზნით, გარკვეული მექანიზმების შემოტანა და მათი ეფექტურად აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ბუნტურმა წარადგინეს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს აღსრულებისა და ტექნიკური მხარეები, ასევე, იმსჯელეს კვოტირების საკითხზე. როგორც აღინიშნა, აუცილებელია მიგრაციის საკითხების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა, რადგან თავიდან იქნას აცილებული უკანონო მიგრაცია და დასაქმება, ასევე - ეკონომიკური საქმიანობის შედეგად შექმნილი ფინანსური რესურსის ქვეყნებიდან გადინება.

ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს ასოციაციების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება.

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს და ნებართვის მიღება ფასიანია.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სამუშაო ნებართვა არ გაიცემა გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებების გაწევაზე.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები - 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებულია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და დასაქმებულია ლეგალურად. მეორე საშეღავათო პერიოდი კი ვრცელდება 2026 წლის 1-ელ მაისამდე და იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს შეეხება, ვინც უკვე ახორციელებს შრომით/სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.