კახეთში მევენახეებმა რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შილდასა და ახალსოფელში. ამ წუთებში კი მევენახეები სოფელ ველისციხესთან არიან შეკრებილნი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გლეხები მოითხოვენ, ღვინის ქარხნებმა ყურძენი ადეკვატურ ფასში ჩაიბარონ. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია.
ფერმერების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.