ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკის სექტორზე გაკეთდა.

როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი ენერგეტიკის სექტორში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, მათ შორის - ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის განვითარების, ასევე დარგის რეფორმირებისა და ტექნიკური დახმარების მიმართულებით.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორის უდიდეს როლზე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, მათ შორის - ენერგეტიკის სტრატეგიის განახლების, კერძო სექტორის ხელშეწყობის და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარადგინა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დადგმული სიმძლავრე 11500 მგვტ - მდე გაიზრდება, ქვეყანა კი ენერგეტიკულად თვითკმარი გახდება. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელსა და მის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ინგა ფხალაძემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ.