„საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია ისიც, რომ ხვალ ველოდებით უზბეკეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების ოფიციალურ ვიზიტს. ამ ტიპის ინიციატივებს, რომლებიც აერთიანებს როგორც G2G, ისე B2B ურთიერთობებს და ეხმარება ბიზნესსექტორს მჭიდრო კავშირების დამყარებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველ კვარტალში უფრო ხელშესახები შედეგები გვქონდეს ჩვენი ეკონომიკების ზრდის კუთხით. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველყოს ეკონომიკის არა მხოლოდ მდგრადი, არამედ დივერსიფიცირებული ზრდა. როდესაც დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გამოვყოფთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმის და მრავალ სხვა სფეროში. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება განვითარების ერთწლიან გეგმას.  

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების ერთწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, როგორ გავაძლიეროთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი, როგორ განვავითაროთ მასპინძლობის სფერო და როგორ წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციები შესაბამის დარგებში. მჯერა, რომ დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენს შორის მეტი კონტაქტის დასამყარებლად. ეკონომიკა მაშინ იზრდება, როდესაც ძლიერი კერძო სექტორი გვყავს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი როლი სწორედ ბიზნესებს შორის ურთიერთობების მხარდაჭერაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

თბილისში მიმდინარე საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმში 60-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს უზბეკეთიდან - მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორების მიმართულებით. ფორუმზე საქართველოდან 250-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.