გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA) ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 16 ოქტომბერს სამეგრელოში, მარტვილის ცენტრალურ პარკში, სურსათის მსოფლიო დღე აღნიშნა.

მსოფლიო სურსათის დღე FAO-ს დაარსების წლისთავია, რომელიც ყოველწლიურად განსხვავებული თემატიკით აღინიშნება, რათა ხელი შეუწყოს შიმშილთან ბრძოლასა და ჯანსაღი სურსათის უზრუნველყოფას. ეს გაეროს კალენდარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, რომელსაც ყოველწლიურად 150-მდე ქვეყანა უერთდება. წლევანდელი სურსათის მსოფლიო დღის თემაა დღევანდელი ინოვაცია, ხვალინდელი საზრდო“, რაც ხაზს უსვამს ინოვაციებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციისთვის.

 საქართველომ 2026 წლის სურსათის მსოფლიო დღე სახალხო ღონისძიებით აღნიშნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა აგრობაზარი ადგილობრივი ფერმერების მონაწილეობით. მათ სტუმრებს ტრადიციული პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზეს, მათ შორის ყველი, ღვინო, თაფლი და ხელნაკეთი ნივთები.  ღონისძიება მოიცავდა მეგრული ტრადიციული კერძების მასტერკლასებს, აგროინოვაციების დემონსტრირებას, კულტურულ პროგრამას, ასევე გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს ბავშვებისთვის.

 ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს FAO-ს წარმომადგენლის მაოდგილემ საქართველოში მამუკა მესხმა, მარტვილის მერის მოადგილეებმა ერეკლე ზარანდიამ და ნანა ბირკაიამ, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის უფროსმა პროგრამულმა მენეჯერმა ლაშა გოგიძემ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ თორიამ.

 “მნიშვნელოვანია, რომ წელს მსოფლიო სურსათის დღის თემაა “დღევანდელი ინოვაცია, ხვალინდელი საზრდო.”  მსოფლიოში უკვე არსებობს მრავალი ინსტრუმენტი, ტექნოლოგია და ცოდნა, რაც მდგრადი აგროსასურსათო სისტემების ასაშენებლადაა საჭირო. თუმცა, გამოწვევად რჩება იმის უზრუნველყოფა, რომ ეს გამოცდილი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიები და ინვესტიციები მიწვდეს თითოეულ თემს, განსაკუთრებით კი საქართველოს სოფლებში - სურსათის უვნებლობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.“- განაცხადა მამუკა მესხმა.

 ყოველ წელს მსოფლიო სურსათის დღეს FAO აჯილდოებს გამორჩეულ ფერმერებს — მათ, ვისაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციაში, უჭერენ მხარს და აძლიერებენ თავიანთ თემებს და დადებით ცვლილებებს ახდენენ გლობალური გამოწვევების მიუხედავად. წელს ორი ადგილობრივი ფერმერი გამოვლინდა - ორივე მათგანი გამორჩეულია თავისი საქმიანობით და გვახსენებს, რომ სურსათი მხოლოდ საწვავი არ არის, ეს არის კულტურა, საზოგადოება და ზრუნვა. მათი შრომა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა როლს ასრულებენ ქალები და ახალგაზრდები სოფლის მეურნეობაში, ასევე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ მეთოდებთან ერთად. ესენი არიან:

 ელიკო ლაგვილავა, რომელმაც დატოვა თბილისი, დაბრუნდა სოფელ ინჩხურში და წამოიწყო ბიზნესი, რომელიც მარტვილის მიწასა და ტრადიციებს ეფუძნება. საოჯახო სასტუმროსა და მარნის მეშვეობით მან გააერთიანა ღვინო, გასტრონომია და ტურიზმი, ადგილობრივი ოჯალეშის ჯიშისგან კი პრემიუმ კლასის ღვინოს აწარმოებს. ელიკო თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ქალთა მეწარმეობას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ადგილობრივ მემკვიდრეობას სოფლის თემებში ახალი შესაძლებლობების შექმნა;

 ნიკა ფარცვანია - მევენახე და მეღვინე მარტვილიდან, ასევე FAO-ს „ფერმერთა საველე სკოლების“  ლიდერი ფერმერი. ბიო ვენახში ნიკა ბუნებრივი მეთოდების გამოყენებით ვაზის ოთხ ადგილობრივ ქართულ ჯიშს ახარებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნას უზიარებს სხვა ფერმერებს და ამტკიცებს, რომ მდგრად პრაქტიკებსა და ტრადიციულ ჯიშებს სოფლის მეურნეობისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლიათ.

 მარტვილში გამართული ღონისძიების შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს თბილისში, მთაწმინდის პარკში მოეწყო ორდღიანი აგრობაზრობა „უნიკალური ქართული გემო“, რომელიც სურსათის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე ფერმერმა წარმოადგინა ნიშური პროდუქცია, მათ შორის ადგილობრივი ყველი, ღვინო, ხორცის დელიკატესები, თაფლი, აჯიკა, ჩაი და ნუშის ნაწარმი.

სურსათის მსოფლიო დღის 2026 წლის ღონისძიება ორგანიზებული იყო FAO-ს პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

 აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ თბილისში ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება იყო.

ინფორმაციას საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლობა ავრცელებს.