საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 170 ლარი შეადგინა, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით, ხელზე 1736 ლარის ხელფასს ნიშნავს.

საშუალო ხელფასის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით არის გაზრდილი.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22%-ით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2%-ით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3%-ით);

⦁ მშენებლობა - 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8%-ით).

"2025 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარი, ხოლო კაცების - 2 601.3 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 258.0 ლარი (11.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2025 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184.2 ლარით (9.3%) გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1%-ით) სფეროებში. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2020-2025 წლებში, კვარტალების მიხედვით", - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.