საქართველოში ექსპორტის ზრდა სწორი პოლიტიკის შედეგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უყურებს, განსხვავებით ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისგან.
„სწორედ საკუთარი ხალხის ინტერესებს ვუყურებთ და ამ შედეგებს ვაღწევთ. სულ ახლახან რომში ვიყავი, სადაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია იყო. კონფერენციის ფორმატშიც და ისეც საშუალება მქონდა, ევროპელ კოლეგებთან საუბარი მქონოდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. ზოგი ამბობს, რომ საქართველოს სხვების შურსო, მაგრამ მერწმუნეთ, ბევრ ქვეყანას ამ ციფრების შურს მაშინ, როდესაც ევროკავშირში ზოგიერთ ქვეყანას ამის ნახევარი ეკონომიკური ზრდა აქვს. ფაქტია, დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია, სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავად ევროპელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ აქვთ. ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ ქვეყნებს, ვინც ბრიუსელს არ უჯერებს, იგებს, ვინც უჯერებს ბრიუსელს, აგებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.