პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მესამე მოსმენით მიღებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მიზი განმარტებით, 20 პროცენტის შემთხვევაში, რომლებიც იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, ყველა ის შეზღუდვა იმოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით არის განსაზღვრული.
მისივე თქმით, განხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, რომ დაცული იყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
„საერთაშორისო ტურნირის ჩატარება დღესაც შესაძლებელია. არავითარი შეზღუდვა არ არის, ამაში ქართველი მიიღებს მონაწილეობას თუ უცხოელი. შესაბამისად, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, რომ თამაშს საერთაშორისო ტურნირის სტატუსი თუ აქვს, ამ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მხოლოდ 20 პროცენტი იქნება საქართველოს მოქალაქე. 20 პროცენტის შემთხვევაში ყველა ის შეზღუდვა მოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით მოქმედებს, მათ შორის ადამიანი თუ შავ სიაშია, ის თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე, საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ახალი ცვლილებებით, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ, რაც 20 პროცენტის განსაზღვრაში გამოიხატა.
მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება, რათა დაცული იყოს ის წინაპირობები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება. კლასიკური გაგებით, ეს არ არის აზარტული თამაშები და კაზინო. ეს არის სპორტული ტურნირი, რომელიც ტარდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბარსელონაში, პარიზში, მილანში. პარიზში კაზინო და აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ მსგავსი თამაში ჩატარდა. რატომ არის კარგი ასეთი ტურისტული ნაკადი? სეზონი როცა არ არის, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, კარგი იქნება, თუ მსგავსი თამაში ჩატარდება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.