საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლების პროცესი იწყება, რომელიც ინფრასტრუქტურის, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრულ გაჯანსაღებას და ამ სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზის პრეზენტაციის “ისტორიული განახლების” შემდეგ განაცხადა. 

“საქართველოს მთავრობისთვის სამივე მიმართულება პრიორიტეტულია და შესაბამისად, იგეგმება მასშტაბური და მსხვილი ინვესტიციების განხორციელება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი როლი შუა დერეფანში და ვიყოთ სანდო, ეფექტური, სწრაფი პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის,” - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზისთვის ბოლო ერთი წელი იყო გარდამტეხი - განხორციელდა მასშტაბური ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ასამაღლებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. “ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხამ, ჯამურად, 230 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლებასთან დაკავშირებით მიიღო. 2026-2028 წლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რათა სრულად განახლდეს სავაგონო და სალოკომოტივო პარკი. ახალი სისტემებისა და გაციფრულების დანერგვით, ჩვენ შევძლებთ გავანახევროთ ქვეყნის გადაკვეთის დრო, გავხდეთ ბევრად უფრო ეფექტიანები და გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, სამგზავრო მიმართულების გაძლიერების ფარგლებში, საქართველო ორი წლის განმავლობაში 10 ახალ მატარებელს შეიძენს, წელს კი ხუთის განახლება იგეგმება, რაც თბილისი - ქუთაისისა და თბილისი – ახალციხის მიმართულებით დამატებითი რეისების დანიშვნისა და მგზავრებისთვის კომფორტული მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობას შექმნის.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელზე, რომლის აღდგენაც 2027 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება, ასევე შეეხო რკინიგზის ძირითად მაგისტრალზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. თამარ იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც გასულ წელს, დეკემბერში დასრულდა და საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გააორმაგა. 

თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის განვითარებისათვის 10-წლიანი გეგმაა შემუშავებული, რომელიც დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

„მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში, დაახლოებით 1,7 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს მიზნად ისახავს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სამგზავრო და სატვირთო მიმართულებების სრულ გაჯანსაღებას, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, ეფექტიანი და სწრაფი რკინიგზა, რომელიც რეგიონში სანდო პარტნიორის სტატუსს განგვიმტკიცებს“, - აღნიშნა იოსელიანმა.