ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. 
“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი პროექტი ნუცუბიძის ქუჩის N54-ის ტერიტორიაზე ხორციელდება. 

აღნიშნულ მისამართზე ახლდება წყლისა და წყალარინების ქსელი, მიწისქვეშ გამოიცვლება მილები და ჭები,  რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.  

პროექტის ღირებულება დაახლოებით 67 000 ლარს შეადგენს. 

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი შეხვდა. 

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.