აბუ-დაბიში უკრაინას, რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. კონსულტაციები ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, - იუწყება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.
მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, უკრაინის დელეგაციის წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაცია სააგენტო AFP-მაც გაავრცელა, ასევე Reuters-მა, რომელიც დაუსახელებელ წყაროს ეყრდნობა.
ამასთან, AFP-ის ცნობით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიმდინარეობს, უკრაინა დაჟინებით მოითხოვდა საომარი მოქმედებების შეწყვეტას. "მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ევროპაში მომავალი უსაფრთხოების სისტემის განხილვა", - განუცხადა სააგენტოს წყარომ უკრაინის დელეგაციიდან. მისი თქმით, ამ საკითხზე მხარეთა პოზიციები განსხვავდება.
მანამდე, იმავე დღეს, აბუ-დაბიში აშშ-ის შუამავლობით რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად.
"თავდაპირველად იქნება სამმხრივი ფორმატი აშშ-სა და რუსეთთან ერთად. ამის შემდეგ ცალკე შეხვედრას გავმართავთ ევროპელ პარტნიორებთან", - განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა.
აბუ-დაბიში მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსულმა მედიამაც დაწერა. უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღის მთავარი თემები ენერგეტიკის საკითხები, შავ ზღვაში უსაფრთხოება და შესაძლო უმაღლესი დონის შეხვედრა იქნება.
ამავდროულად, სააგენტო AFP უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი ომის დასრულებიდან, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში 800-ათასიანი არმიის შესანახად დაფინანსების მიღებას ცდილობს. უკრაინაში მსგავს ზომას აუცილებლად მიიჩნევენ, რათა რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალი სამხედრო აგრესიისგან თავი დაიცვან.