ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) თანათავმჯდომარემ, ტინო ხრუპალამ გერმანიიდან 2,6 მილიონამდე ადამიანის გაძევებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, დეპორტაცია უნდა შეეხოს არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და მათ, ვისაც თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა, არამედ ქვეყანაში კანონიერად მყოფ სირიელებს, ავღანელებსა და უკრაინელებსაც, როგორც კი მათთვის დაცვის მინიჭების საფუძველი გაქრება. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Bild-ის პოდკასტში "Unter Zwei" განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ან სირიასა და ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით ვითარება იმდენად გაუმჯობესდება, რომ დაცვის საჭიროება აღარ იარსებებს, ამ ქვეყნების მოქალაქეები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. "საუბარია 2,6 მილიონ ადამიანზე", — განაცხადა მან.
როგორც Bild აღნიშნავს, ამ მოთხოვნით ხრუპალა წინააღმდეგობაში მოვიდა თავის თანაპარტიელ მაქსიმილიან კრასთან. მანამდე კრა პარტიას დეპორტაციებთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინების შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. მისი შეფასებით, 200 ათასი ადამიანის გაძევებაც კი ევროპის ომის შემდგომ ისტორიაში მსგავსი სახის უმსხვილესი ოპერაცია იქნებოდა.