აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც ითხოვდა ალასკაზე სენატის არჩევნების შედეგების ოფიციალური დამტკიცების დაბლოკვას მოქმედი რესპუბლიკელი სენატორის, დენ სალივანის დამარცხების შემთხვევაში. სასამართლო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნდა ასეთი სარჩელის შესატანად საჭირო იურიდიული საფუძველი.

ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ პენსიაზე მყოფი მასწავლებლისა და სენატორის მოგვარის, დენიელ ჯ. სალივან-უმცროსის არჩევნებში მონაწილეობამ შესაძლოა, ამომრჩევლები შეცდომაში შეიყვანოს და კენჭისყრის შედეგებზე იმოქმედოს. იუსტიციის სამინისტრო ითხოვდა, დემოკრატი მერი პელტოლას გამარჯვების შემთხვევაში, არ დამტკიცებულიყო კენჭისყრის ოფიციალური შედეგები და დადგენილიყო, ხომ არ აპირებდნენ მეორე სალივანისთვის ხმის მიმცემი ამომრჩევლები მოქმედი სენატორის მხარდაჭერას.

20-გვერდიან დადგენილებაში ფედერალურმა მოსამართლემ, შერონ გლისონმა მიუთითა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია ასეთი შემოწმების პრაქტიკული მექანიზმი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გარეშე.

სასამართლო განხილვის მიზეზი გახდა The New York Times-ის პუბლიკაცია, რომლის თანახმადაც პელტოლასთან დაკავშირებული პოლიტიკური კონსულტანტები შესაძლოა, ჩართულნი ყოფილიყვნენ არჩევნებში მოგვარე კანდიდატის მოზიდვაში. პელტოლა ამ ბრალდებებს უარყოფს. Reuters აღნიშნავს, რომ სააგენტომ ვერ შეძლო გაზეთის ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპელაციის შეტანას გეგმავს. თავის მხრივ, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ "ყალბი დენიელ ჯ. სალივან-უმცროსი გაქრა" და კვლავ გააკრიტიკა თავისი პოლიტიკური ოპონენტები.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ალასკაზე რბოლა კონგრესის ზედა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლაში ერთ-ერთ საკვანძოდ ითვლება.