აშშ-ში ავიამიმოსვლა თანდათან ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება სამდღიანი მასშტაბური შეფერხებების შემდეგ, რაც საავიაციო ხელისუფლების უპრეცედენტო განკარგულებას, ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა გაფრენის შეჩერებას, მოჰყვა. FlightAware-ის მონაცემებით, ორშაბათს ამერიკის აეროპორტებში 250-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე, როდესაც 2 300-ზე მეტი გამფრენი და ჩამომფრენი რეისი გაუქმდა.

იმავე დღეს 700-ზე მეტი რეისი დაგვიანდა, მაშინ, როცა წინა დღით დაგვიანებების რაოდენობა 10 000-ს აჭარბებდა. 13 და 14 ნოემბერს ჯამში, დაახლოებით 14 500 რეისი გაუქმდა, ათასობით სხვა რეისი კი დაგვიანდა. აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ ტელეარხ ABC-ის ეთერში განაცხადა, რომ 16 ნოემბერს ამერიკის აეროპორტების მუშაობა სრულად დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს.

მინისტრის თქმით, ავიამიმოსვლის მასშტაბური შეფერხებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 ნოემბერს კონტრაქტორმა კომპანია L3Harris-მა არკანზასის შტატში მდებარე აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს (FAA) ობიექტზე როუტერი შეცვალა. როგორც დაფიმ განმარტა, ამან გამოიწვია ხარვეზები სხვა როუტერის მუშაობაში ტეხასში, რის გამოც, საჰაერო მოძრაობის მართვის საერთო ეროვნული ქსელი, მონაცემთა ჭარბი ნაკადის გამო გადაიტვირთა.

მოწყობილობები, რომლებიც ამ პრობლემების წყაროდ იქცა, ჯერ კიდევ 2001 წელს დამონტაჟდა და 2006 წლიდან მოძველებულად ითვლებოდა. კიბერშეტევის ან დივერსიის ნიშნები არ არსებობს, ხაზი გაუსვა დაფიმ. ინციდენტი არც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკავშირდება, დაამატა მან. ამასთან, გეგმური ტექნიკური სამუშაოების დროს მომხდარი შეფერხების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. ინციდენტმა გამოიწვია დისკუსია საჰაერო მოძრაობის მართვის მოძველებული სისტემების დაფინანსების შესახებ, რომლებიც, ამასთანავე, პერსონალის ნაკლებობას განიცდიან.

13 ნოემბერს აშშ-ის ყველა აეროპორტიდან გაფრენაზე დაწესებული აკრძალვა ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნა მიღებული. პირველად ეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა.

შეზღუდვები თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა, თუმცა ავიამგზავრების დიდი ნაწილი, რომელთა რეისებიც გადაიდო ან გაუქმდა, იძულებული გახდა, მთელი უქმეების განმავლობაში გადატვირთულ აეროპორტებში დარჩენილიყო. ავიაკომპანიებისთვის უკიდურესად რთული აღმოჩნდა ეკიპაჟებისა და საჰაერო ხომალდების გადანაწილება. ეს ინციდენტი აშშ-ის ავიამიმოსვლის მუშაობაში 2001 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ საერთო ეროვნულ შეფერხებად იქცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავიამიმოსვლის შეფერხებებზე პირველად 15 ნოემბერს ისაუბრა და მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის წინამორბედს, ჯო ბაიდენს დააკისრა. "უზარმაზარი სახსრები დაიხარჯა უგუნურად, რის გამოც, ძველმა და გაუმართავმა სისტემამ იმაზე უარესად დაიწყო მუშაობა, ვიდრე მანამდე მუშაობდა", - განაცხადა მან.