უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე (ნგქ) გაგრძელებული დარტყმები ბევრად უფრო მეტ ზიანს აყენებს კიევის ურთიერთობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვიდრე თვითონ რუსეთს — წერს გამოცემა Axios თეთრი სახლის წარმომადგენლების გაფრთხილებებზე დაყრდნობით.
"ტრამპი ძალიან გაბრაზებულია და მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხარდაჭერას მოცემულობად/თავისთავად ნაგულისხმევად აღიქვამს", — ციტირებს ამერიკული პორტალი ოფიციალური პირის სიტყვებს.
ტრამპი ელის, რომ ზელენსკი დაიცავს მის მიერ გამოცხადებული "ენერგეტიკული ზავის" პირობებს უკრაინასა და რუსეთს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს. Axios-ის წყაროს ცნობით, თუ რუსულ ნგქ-ებზე უკრაინული დარტყმები შეწყდება, შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, გახდეს შეთანხმება ელექტროსადგურებსა და ენერგოსისტემებზე თავდასხმებზე უარის თქმის შესახებ.
თავის მხრივ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპის მოთხოვნა — უარი თქვან ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებზე — მხოლოდ რუსეთისთვისაა მოგებიანი, ვინაიდან უკრაინაში მხოლოდ ერთი ნგქ-ია (ისინც არ ფუნქციონირებს სრული სიმძლავრით), მაშინ როდესაც რუსეთს ასეთი საწარმოების უზარმაზარი ქსელი აქვს.
ამასთანავე, ამ ეტაპზე რუსეთს ზავის არანაირ ფორმატზე თანხმობა არ განუცხადებია. ტრამპის განცხადებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ელექტროსადგურებზე დარტყმები განახორციელა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. "ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში წესდება ენერგეტიკული ზავი. ორივე მხარემ მისცა ამაზე თანხმობა. ნუ დაარღვევთ მას!" — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ზელენსკიმ, რომელიც არაერთხელ ითხოვდა ენერგეტიკაზე ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას, თავდაპირველად Axios-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ არაფერი იცოდა მიღწეული ნაწილობრივი ზავის შესახებ, თუმცა მხარს დაუჭერდა მას რუსეთის თანხმობის შემთხვევაში. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება "ელის დეტალებს ამერიკული მხარისგან და მხარს უჭერს პარტნიორების ყველა ნაბიჯს, რომელიც შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას".
Financial Times-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ დაბლოკავს PURL პროგრამას, რომელიც კიევის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს, რათა ზეწოლა მოახდინოს კიევზე და აიძულოს იგი, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე. "ისინი რეკავენ კიევში… ისინი რეკავენ ყველასთან [ევროპაში]", — განაცხადა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელმაც შესაბამისი ზარი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისგან მიიღო.