აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ახალ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ დადებითად შეაფასა ვაშინგტონის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. აბუ-დაბიში მოლაპარაკებების ნებისმიერი შედეგი მისასალმებელი იქნება, თუკი ის განაპირობებს მყარ მშვიდობას და მას მიესალმება კიევის ხელისუფლება, განაცხადა მან DW-სთან ინტერვიუში.
ბრაჟემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ამავდროულად არ იკავებს ნეიტრალურ პოზიციას და მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს. "ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინას და სრულად გამოვდივართ მშვიდობის დამყარების ინიციატივით, თუმცა ეს მშვიდობა მისაღები უნდა იყოს როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის," - შეახსენა მან.
მისი თქმით, ევროპა ასევე უნდა მონაწილეობდეს უკრაინის მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში, მაგრამ ის "გარკვეული გაგებით ესწრება მოლაპარაკებების მაგიდას", რადგან მოქმედებს უკრაინასთან ერთად და მუშაობს მის მხარდასაჭერად. "ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჩვენ პროცესის მონაწილეები ვართ. ჩვენ ასევე მუდმივად ვთანამშრომლობთ აშშ-სთან," - დასძინა მან.
ლატვიელმა მინისტრმა მოუწოდა სანქციების გაფართოებისა და რუსეთისთვის ომის საწარმოებლად საჭირო შემოსავლების ჩამორთმევისკენ. "მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ ომი არ იძლევა დასახული მიზნების მიღწევის საშუალებას, ის შეწყვეტს სამხედრო ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მიღწევის მცდელობებს. ეს არის ყველაზე მთავარი," - განაცხადა მან.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუთითა იმის დამადასტურებელი ნებისმიერი ნიშნის არარსებობაზე, რომ რუსეთმა შეცვალა თავისი ზრახვები. "ის აგრძელებს სასტიკი, ბარბაროსული თავდასხმების განხორციელებას და იქცევა როგორც ტერორისტი, ესხმის რა თავს უკრაინას ყოველ ღამე და ყოველ დღე. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია რუსეთზე ერთობლივი, ყოველმხრივი ზეწოლის გაგრძელება და ამავდროულად იმის ჩვენება, რომ არსებობს მზაობა მოლაპარაკებებისთვის, თუნდაც რუსეთის ქმედებებში ჯერჯერობით არაფერი იცვლებოდეს," - დასძინა მან. ევროპა მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ უნდა აჩვენოს, რომ ცვლის თავის მიდგომას ომის მიმართ და სურს მისი შეწყვეტა, აღნიშნა ბრაჟემ.