რუსეთი აფრიკაში სამხედრო მოსამსახურეების გადაბირების კამპანიას აფართოებს, რათა შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის დეფიციტი შეავსოს, და უფრო ღარიბ ქვეყნებს მიმართავს მას შემდეგ, რაც კენიამ, ბოტსვანამ, განამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ გაფრთხილებები გაავრცელეს. ამის შესახებ Bloomberg-მა უკრაინის დაზვერვის საქმიანობაში ჩახედული წყაროებისგან მიღებულ პრეზენტაციაზე დაყრდნობით განაცხადა.
2026 წლის პირველ ცხრა თვეში ასეთ ქვეყნებს შორის ზიმბაბვე, ბურუნდი და სიერა-ლეონე მოხვდნენ. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ინიციატივა მიმართულია უზარმაზარი დანაკარგებისა და მობილიზაციისთვის ხალხის ნაკლებობის კომპენსირებისკენ.
კრემლს არასდროს უღიარებია საჯაროდ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის უცხოელებს იყენებს, - შეახსენებს Bloomberg.
რიგი აფრიკული სახელმწიფოების სიღარიბის გამო, მათი მცხოვრებლების რუსეთში მიზიდვა უფრო ადვილია, ხშირად სამოქალაქო სფეროებში, მათ შორის კვების ობიექტებსა თუ სატრანსპორტო სექტორში მუშაობის შესახებ ცრუ დაპირებების მეშვეობით.
1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთმა ბურუნდიდან 699 მამაკაცი გადაიბირა და 530 - ზიმბაბვეს მოქალაქე. სხვა ქვეყნებს შორის, საიდანაც ახალწვეულთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სიერა-ლეონე, სუდანი და კამერუნია, - ირკვევა პრეზენტაციიდან.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პირველად დაიწყო გადაბირება მადაგასკარზეც. გასულ წელს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რის შედეგადაც ძალაუფლება სამხედროების ხელში გადავიდა, რომლებმაც მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარეს, მათ შორის, რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობისა და სურსათის მიღების ხარჯზე.
უკრაინაში ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამომძიებელმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება ეწეოდა ტრეფიკინგს 29 ქვეყნიდან, მოტყუების ან იძულების გამოყენებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მათი გადაბირების მიზნით.
ნათესავების თქმით და Amnesty International-ის სექტემბრის ანგარიშის თანახმად, აფრიკიდან გადაბირებულებს კონტრაქტების გაფორმებისას მნიშვნელოვან ბონუსებსა და მაღალ ხელფასებს, ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას სთავაზობდნენ.