სამხრეთ კორეის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ რაკეტები ფხენიანის რაიონიდან იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვეს და მათ დაახლოებით 900 კმ იფრინეს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის, სულ მცირე, ერთი, სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაადასტურა. იაპონურმა ტელეკომპანია NHK-მ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭურვები იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მიღმა ჩამოვარდა. ჩრდილოეთ კორეის მხარეს გამოცდის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ორ ქვეყანას შორის — რომლებიც 1950-1953 წლების კორეის ომის შემდეგ ოფიციალურად ომის მდგომარეობაში იმყოფებიან — დაძაბულობის ახალი ტალღა სასაზღვრო ზონაში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია, რის შედეგადაც სამხრეთ კორეის სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. სამხრეთ კორეა მიუთითებს, რომ ინციდენტის მიზეზი ჩრდილოეთ კორეული ნაღმები გახდა და ფხენიანს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს.

ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გამოცდას რეგულარულად ატარებს. კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა ისეთი რაკეტის გაშვების შესახებ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფრენის ტრაექტორიის შეცვლა შეუძლია. ექსპერტების აზრით, ამ გზით ქვეყნის ხელმძღვანელობა, კიმ ჩენ ინის სათავეში, სამხედრო პოტენციალის გაზრდასა და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გაშვებას მკაცრად უკრძალავს.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეამ ოქტომბრის დასაწყისში საკუთარი წარმოების ჰიპერბგერითი რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. სამხრეთ კორეის მთავრობის მონაცემებით, აღნიშნული სარაკეტო სისტემა მოულოდნელი, მაღალი სიზუსტის დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.