ესტონეთი 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტს დაკეტავს, რაც პასუხია ესტონეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოს წინააღმდეგ აღკვეთილ დივერსიაზე. ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის (KaPo) მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ (ყოფილი "გრუ") ტალინთან ახლოს თავდაცვითი კომპანია Threod Systems-ის ობიექტის დაწვის მცდელობა მოაწყო.
"სასაზღვრო პუნქტების დაკეტვა შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, განახორციელოს მტრული საქმიანობა ესტონეთში, ასევე გააძლიერებს ჩვენს ზომებს სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად", — აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ფინელ, ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებს უკვე აცნობა.
ცაჰკნას თქმით, საწარმოზე თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს რუსეთი დივერსიებსა და დაშინების მეთოდებს ევროპული ქვეყნების დესტაბილიზაციისა და უკრაინის მხარდაჭერის შესასუსტებლად. ესტონეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან, სისხლის სამართლის გამოძიება კი გრძელდება.
როგორც KaPo-ში განაცხადეს, ბოროტმოქმედები ვიიმსის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია Threod Systems-ის საწარმოზე თავდასხმას 14 ნოემბრის ღამეს ცდილობდნენ. სპეცსამსახურის მონაცემებით, თავდამსხმელებს სურდათ აფეთქებისა და ხანძრის მოწყობა იმ კომპანიის ტერიტორიაზე, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებსა და დაზვერვისა და დაკვირვების ელექტრო-ოპტიკურ სისტემებს აწარმოებს.
KaPo-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებამ დაადგინა კავშირი ცეცხლის წაკიდების მცდელობასა და რუსეთის სამხედრო დაზვერვას შორის. უწყებამ მოქალაქეები ასევე გააფრთხილა მსგავს ოპერაციებში მონაწილეობის მძიმე შედეგების შესახებ და მოუწოდა მათ, არ დათანხმდნენ რუსეთიდან მიღებული დავალებების შესრულებას.