ევროკავშირი ოქტომბრის შუა რიცხვებში კიევს დრონებისა და რაკეტების შესასყიდად დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.
"ეს აუცილებელია უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და მისი საჰაერო სივრცის დასაცავად", — აღნიშნა მან. ფონ დერ ლაიენს დაფინანსების კონკრეტული თანხა და წყაროები არ დაუზუსტებია.
ბრიუსელში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია ამ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე იგეგმება მომავალი წლის დაფინანსების საჭიროებებისა და ახალი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზების განხილვა. გარდა ამისა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში თემების ორი ახალი კლასტერი განიბლოკება.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სრულად დაუჭირა მხარი ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, "რაც საშუალებას მისცემდა, დაეცვათ სურსათის გლობალური მიწოდება და ენერგოინფრასტრუქტურა უკრაინასა და რუსეთში".
ოფიციალური პირის თქმით, ომი ახალ, კიდევ უფრო ბნელ ფაზაში შევიდა. რუსეთი აწარმოებს გაჭიანურებულ ომს ბრძოლის ველზე და "დარტყმებს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას ფრონტის ხაზიდან შორს".
მანამდე, ევროკომისიამ დაამტკიცა 2,9 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშის გამოყოფა კიევისთვის Ukraine Facility-ის მექანიზმის ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა.
Ukraine Facility-ის მექანიზმი გათვლილია 2024-დან 2027 წლამდე პერიოდზე და ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ამ ვადის განმავლობაში უკრაინას 50 მილიარდ ევრომდე "სტაბილური და პროგნოზირებადი ფინანსური დახმარება" გაუწიოს.