ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, უახლოეს პერიოდში ფინანსური დახმარების პროგრამის (Ukraine Facility) ფარგლებში თითქმის 8 მილიარდი ევრო მიიღოს. ამ თანხიდან დაახლოებით 5 მილიარდი ევრო გამოიყოფა 2026 წლისთვის გათვალისწინებული "უკრაინის მხარდაჭერის სესხის" (Ukraine Support Loan) რესურსებიდან. ეს არის ყველაზე მსხვილი ერთჯერადი გადარიცხვა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოუყო.

სახსრების მისაღებად უკრაინამ საკვანძო სფეროებში რეფორმებთან დაკავშირებული 20-ზე მეტი მიზნობრივი ნაბიჯი შეასრულა. ისინი ეხება სასამართლო სისტემას, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, ფინანსურ ბაზრებს, სახელმწიფო აქტივების მართვას, ადამიანურ კაპიტალსა და ბიზნესგარემოს.

რეფორმების სხვა მიმართულებებს შორისაა დეცენტრალიზაცია და რეგიონული პოლიტიკა, ენერგეტიკა, აგროსასურსათო სექტორი, ციფრული ტრანსფორმაცია და გარემოს დაცვა.

Ukraine Facility-ის ფარგლებში დაფინანსება გამიზნულია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გასამყარებლად, ქვეყნის აღსადგენად და მოდერნიზაციისთვის, სახელმწიფო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და რეფორმების მხარდასაჭერად.

გადარიცხვები მიბმულია "უკრაინის გეგმის" (Ukraine Plan) შესრულებაზე, რომელშიც გაწერილია ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგია, ასევე რეფორმების განხორციელების გრაფიკი. ისინი ძირითადად თანხვედრაშია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მიზნებთან.