ბოროტმოქმედებმა გატეხეს ევროკომისიის სასწავლო პლატფორმა EU Academy, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებზე კურსების გასავლელად არის განკუთვნილი. "ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ პლატფორმა EU Academy ევროკომისიის წინააღმდეგ მიმართული გამოვლენილი კიბერკამპანიის შედეგად დაზარალდა", — განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ტომას რენიემ. ამის შესახებ გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია. მან დააზუსტა, რომ საუბარია კიბერშეტევაზე, რომელიც გასულ კვირას მოხდა.
გამოცემის ანონიმური წყაროს თქმით, გაჟონა სახელებმა და ელექტრონული ფოსტის მისამართებმა. ჰაკერული თავდასხმის შედეგების სრული მასშტაბი კვლავ გაურკვეველია. "ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული", — გააფრთხილა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა წყარომ. თავის მხრივ, რენიემ აღნიშნა, რომ მონაცემთა გაჟონვის მასშტაბები გამოძიების საგნად რჩება და დასძინა, რომ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებამდე, პრევენციის მიზნით, პლატფორმაზე საჯარო წვდომა დროებით გაითიშა.
"მომხმარებლებს ინფორმაცია დღეს EU Academy-ს ვებგვერდის მეშვეობით მიეწოდათ", — უპასუხა რენიემ ჟურნალისტების შეკითხვებს. მონაცემთა გაჟონვის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის თანამშრომლებსაც მიაწოდეს. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას წინ უძღოდა თანამშრომელთა პროფკავშირის საჩივრები იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის პერსონალი მონაცემთა გაჟონვის პოტენციური შედეგების შესახებ ინფორმირებული არ იყო.
ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მისი სასწავლო პლატფორმის გატეხის კიბერკამპანიაში ხელოვნური ინტელექტის (AI) მხარდაჭერის მქონე ინსტრუმენტი გამოიყენებოდა, თუმცა ჯერჯერობით არ დაუდგენია, კონკრეტულად ვინ იდგა თავდასხმის უკან. რენიემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობის დაკისრებამდე გამოძიებამ მუშაობა უნდა დაასრულოს.
17 ნოემბერს Google-ის კიბერსაფრთხეებთან ბრძოლის ქვედანაყოფმა აღმოაჩინა შეტევა, რომელიც რუსულენოვანი ჰაკერების უცნობმა ჯგუფმა განახორციელა. ექსპერტებმა მიუთითეს, რომ მისი თავისებურება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროცესის სრული ავტომატიზაცია იყო.