ევროკომისიამ განაცხადა, რომ აპირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს ბულგარეთისთვის ჯარიმის დაკისრების შუამდგომლობით მიმართოს, რაც გადაჭარბებული ბიუჯეტის დეფიციტის პროცედურის (Excessive Deficit Procedure, EDP) ფარგლებში განიხილება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმავე მიზეზით, ევროკომისიას ზომების გამკაცრება უნგრეთის მიმართაც სურს.

ევროკომისიის შეფასებით, არცერთ ამ ქვეყანას არ მიუღია საჭირო ზომები ეროვნული ბიუჯეტების დეფიციტის შესამცირებლად. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ამ ნაბიჯს მხარს დაუჭერენ, ბულგარეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც გადაჭარბებული ხარჯების გამო დაჯარიმდება, — აღნიშნავს Reuters.

ევროკავშირის კანონმდებლობით, წევრი ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტის დასაშვები დეფიციტი მათი მშპ-ის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ევროკომისიის მონაცემებით, ბულგარეთში ეს მაჩვენებელი 2024 წელს არსებული 3%-დან 2025 წელს 4%-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს კი, ევროკომისიის გათვლებით, ბულგარეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ს შეადგენს.

უნგრეთში ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წელს დაფიქსირებული 5,1%-დან 2025 წელს 4,7%-მდე შემცირდა, თუმცა ევროკომისიის პროგნოზით, 2026 წელს ის 7,3%-ს გაუტოლდება.