რუსული სპორტული გუნდების დაბრუნება საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის ქვეშ და ეროვნული სიმბოლიკით, უკრაინის მიმართ კრემლის აგრესიის პოლიტიკის ნორმალიზებას ახდენს, ასევე მოსკოვს პროპაგანდისთვის მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა არაერთმა ევროპარლამენტარმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტრასბურგში გამართულ დებატებში სახელწოდებით: "საერთაშორისო სპორტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება".
ევროპარლამენტარებმა საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, არ დაუშვან რუსული სახელმწიფო სიმბოლოების დაბრუნება მსოფლიო სპორტულ არენებზე, ასევე დააწესონ სავიზო აკრძალვები რუსი სპორტსმენების შესვლაზე.
"ეს დროშა და ჰიმნი აგრესიის, ძალადობისა და დანაშაულების სიმბოლოა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსული აგრესიის პროპაგანდა. პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება, კმაყოფილება მიიღოს იმით, რომ ჩვენ რაიმე ფორმით ვაჩვენებთ, თითქოს ეს დროშა ჩვენთვის მისაღებია", — განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა "ევროპის სახალხო პარტიიდან" ანდჟეი ჰალიცკიმ.