აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევისთვის იარაღის მიწოდების PURL-ის ("უკრაინის საჭიროებების პრიორიტეტული სია") პროგრამის დაბლოკვით იმუქრება. მიზანი უკრაინულ მხარეზე ზეწოლაა, რათა მან რუსეთში არსებულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე (ნგქ) დარტყმები შეწყვიტოს. ამის შესახებ Financial Times (FT) წერს.
"ისინი რეკავენ კიევში... ისინი რეკავენ ყველასთან (ევროპაში)", — განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც შესაბამისი ზარი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისგან მიიღო.
FT-ის ცნობით, ერთ-ერთი, ვისაც ამერიკელი ოფიციალური პირები დაუკავშირდნენ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედრო მრჩეველი და 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ყოფილი მეთაური, პავლო პალისა გახდა.
თეთრ სახლში ინფორმაციის დადასტურებაზე ან კომენტირებაზე უარი განაცხადეს.
11 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. "ამ მომენტიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში წესდება ენერგეტიკული ზავი. ორივე მხარემ განაცხადა ამაზე თანხმობა. არ დაარღვიოთ ის!" — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ზელენსკიმ, რომელიც არაერთხელ ითხოვდა ენერგეტიკაზე ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას, თავდაპირველად საინფორმაციო პორტალ Axios-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ არაფერი იცოდა მიღწეული ნაწილობრივი ზავის შესახებ, თუმცა მხარს დაუჭერდა მას რუსეთის თანხმობის შემთხვევაში. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება "ამერიკული მხარისგან დეტალებს ელოდება".
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა ბრძანება მიიღეს. მხარს ვუჭერთ პარტნიორების ყველა ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს. ველოდებით ამერიკისა და რუსეთის დიალოგის მკაფიო დეტალებს და იმას, რომ პუტინი შეასრულებს იმას, რაზედაც პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა", — დასძინა მოგვიანებით ზელენსკიმ.
იმავდროულად, ზელენსკისთან დაახლოებულმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა FT-ს განუცხადა, რომ ზავის შესახებ არავის სმენია.
თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვას, გაითვალისწინებს თუ არა ტრამპი ზელენსკის წინადადებას, აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დათანხმდეს ცეცხლის სრულად შეწყვეტას 60 დღით, რათა უკრაინამ არჩევნების ჩატარება შეძლოს, არ უპასუხეს, წერს გამოცემა.