Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეტს, ამ დრომდე არ დაუმტკიცებია უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის დაახლოებით 60 საზენიტო მართვადი რაკეტის გადაცემა, რომელთა მიწოდებაზეც ვაშინგტონი ადრე შეთანხმდა. ამ საბრძოლო მასალებში შედის ამერიკული წარმოების PAC-3-ისა და PAC-2-ის ტიპის რაკეტები, რომელთა ნაწილი ევროპის საწყობებში ინახება, მათ შესყიდვას კი კიევის დასავლელი მოკავშირეები აფინანსებენ, — წერს გაზეთი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინისთვის PAC-3-ის რაკეტების მიწოდება სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში იყო დაგეგმილი, თუმცა პენტაგონს უკრაინაში გასაგზავნად ჯერ არცერთი ეს პარტია არ დაუმტკიცებია, — აღნიშნავს გამოცემა. გარდა ამისა, ვაშინგტონი დათანხმდა კიევისთვის Patriot-ის კომპლექსების საბრძოლო მასალის უფრო ძველი მოდიფიკაციის — PAC-2-ის ტიპის კიდევ დაახლოებით 20 რაკეტის გადაცემას, მაგრამ ეს პარტიაც ჰეგსეტის მიერ ამ დრომდე არ არის დამტკიცებული.

FT-ის მასალიდან ირკვევა, რომ პენტაგონში გაჭიანურდა უკრაინისთვის Patriot-ის კომპლექსების რაკეტების დამოუკიდებლად წარმოების ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვაც, რომლის შესახებაც ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი რჩება.

"თავდაცვის სამინისტრო მუშაობს რამდენიმე პარალელური მიმართულებით, რათა დააჩქაროს ტრანსატლანტიკური სამრეწველო თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან Patriot-ის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სფეროში, და ეს მუშაობა დღემდე გრძელდება", — აღნიშნა მან FT-სთვის მიცემულ კომენტარში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქტომბერში ასევე განაცხადა აშშ-ის მხრიდან მისი ქვეყნის მოკავშირეების მიერ ანაზღაურებული რაკეტების მიწოდების შეფერხების შესახებ. ამასთან, ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის შემოჭრისგან თავდაცვის მიზნით, უკრაინისთვის Patriot PAC-3-ის 500 გადამჭერი რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 2,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათი მიწოდება 2030-იანი წლების დასაწყისამდე მოსალოდნელი არ არის.