აშშ-ისკენ მიმავალი სამი ნავთობტანკერიდან ორმა, რომლებსაც რუსული საწვავი გადაჰქონდა, კურსი შეცვალა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა თეთრი სახლის ლიდერს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის შესყიდვისა და იმპორტის შესახებ მანამდე დადებული შეთანხმება. ამის შესახებ Financial Times წერს..
FT-ის მონაცემებით, რუსული ტანკერი Talisman-ი და ჰონკონგური კომპანიის კუთვნილი ტანკერი Leruo, რომელიც სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ დაცურავს, დანიშნულების ადგილად აშშ-ის ატლანტიკურ სანაპიროს აღარ უთითებენ. 2 ნოემბრიდან Leruo-მ კურსი ბრაზილიისკენ შეცვალა, ხოლო Talisman-ი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და ახლა ალჟირის ნაპირებთან იმყოფება. ტვირთს ჯერჯერობით არ ჰყავს დადასტურებული მყიდველი ან დანიშნულების პორტი. ორივე ტანკერი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, აღნიშნავს Financial Times-ი.
მესამე ტანკერი Agioi Fanendes-ი, რომელიც საბერძნეთის სანაოსნო კომპანია Eastern Mediterranean Maritime-ს ეკუთვნის, აშშ-ის მიმართულებით მოძრაობას განაგრძობს. "ტანკერი ნიუ-იორკში ამ უქმეებზე უნდა ჩავიდეს. თუმცა, რეგულაციური, საკანონმდებლო და სანქციური რისკების გამო, ამერიკელი მყიდველების აშკარა სიფრთხილის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, თუ ეს ტანკერიც შეცვლის კურსს და აშშ-ში შესვლაზე უარს იტყვის", — ციტირებს FT კომპანია Kpler-ის ანალიტიკოსს, მეთ სმიტს.
ამავდროულად, სანქცირებული ტანკერი Beast-ი, რომელიც სეიშელის კუნძულების კომპანიებს ეკუთვნის, 27 ოქტომბერს რუსეთის პორტ პრიმორსკში დაიტვირთა და აშშ-ის ატლანტიკური სანაპიროსკენ კურსის ჭერას განაგრძობს, აღნიშნავს FT.
დიზელის საწვავის ფიუჩერსების ფასები ირანში ომის დაწყების შემდეგ 60%-ზე მეტით გაიზარდა. 2026 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის აშშ-ის ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის საშუალო ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 6.30 დოლარი გალონზე (1.66 დოლარი ლიტრზე).
აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან დადო შეთანხმება აშშ-ში იმპორტისთვის რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ, იმ იმედით, რომ შეამცირებდა ფასებს და განამტკიცებდა პოლიტიკურ მხარდაჭერას. თუმცა, ამ ინიციატივამ რესპუბლიკურ პარტიას ვერ უშველა. 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებით, დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც სენატში, ისე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.