გერმანია გეგმავს 4 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის რაკეტებისა და თანმხლები აღჭურვილობის შესყიდვაში. ამის შესახებ Reuters-მა თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

რაკეტების ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის. ამასთან, საბაზისო კონტრაქტი ითვალისწინებს მინიმალურ შეკვეთას 480 ერთეულის ოდენობით, რომელთა მიწოდებაც 2030 წლიდან 2033 წლის ბოლომდე პერიოდშია დაგეგმილი, — აღნიშნავს Reuters. საბოლოო ვადები, კერძოდ, ამერიკული მაკომპლექტებელი ნაწილების მიწოდებაზეა დამოკიდებული.

გერმანიის თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ GEM-T-ის ტიპის ახალი მართვადი რაკეტების შესყიდვა დაახლოებით 2,42 მილიარდი ევროს ოდენობით იგეგმება. კიდევ ერთი დოკუმენტით გათვალისწინებულია სისტემებისთვის სატრანსპორტო საშუალებებისა და ცეცხლის მართვის პუნქტების შესყიდვა 2 მილიარდ ევროზე ოდნავ ნაკლებ თანხად.

დოკუმენტების თანახმად, რაკეტებისთვის საავანსო გადახდა, დაახლოებით 568 მილიონი ევროს ოდენობით, ჯერ კიდევ მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.

ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა მიწოდება დეკემბერში უნდა დაამტკიცოს, — წერს Reuters.

მართვადი რაკეტების მიწოდების მთავარი კონტრაქტორი ერთობლივი საწარმო Comlog-ია. კომპანიის აქციონერები არიან MBDA Deutschland (Airbus, BAE Systems, Leonardo) და ამერიკული თავდაცვითი კონცერნი Raytheon, რომელთაგან თითოეული აქციების 50 პროცენტს ფლობს.