ჰაკერულმა დაჯგუფებებმა "კიბერპარტიზანები BY" და Silent Crow, რომლებმაც განაცხადეს, რომ "როსსტატის" გატეხა მოახერხეს, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინასთან ომში 2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის 390 ათასზე მეტი რუსი დაიღუპა. ბელორუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა "კიბერპარტიზანები BY" დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა მინიმუმ 393 881 ადამიანით შეაფასა.
აღრიცხვაში შეიყვანეს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც გარდაცვალების მიზეზად საბრძოლო მოქმედებები ან მათში მონაწილეობის შედეგები დასახელდა. ამასთან, საერთო დანაკარგები, დაჭრილების, ინვალიდობის მქონე პირებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ჩათვლით, დაღუპულთა რაოდენობას, შესაძლოა, 3-5-ჯერ აღემატებოდეს, მიიჩნევენ დაჯგუფებაში.
საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა ჰაკერულმა ჯგუფმა Silent Crow-მაც. მისი მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის 450 100 მოქალაქე დაიღუპა.
Silent Crow-ის მეთოდიკა შემთხვევების უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის გარდა, მასში შეიტანეს სამხედრო მოსამსახურეებს შორის 14 160 არასაბრძოლო დანაკარგი, გარდაცვალების შემთხვევები ტერაქტით, ასევე 13 671 შემთხვევა იმ ადამიანების დაღუპვისა, რომლებიც რუსეთის მცხოვრებლებად ირიცხებოდნენ, მაგრამ დაუდგენელი მიზეზით უკრაინაში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიღუპნენ.
გარდა ამისა, ჰაკერებმა გამოთვალეს სამხედრო დანაკარგების შესაძლო რაოდენობა იმ ჩანაწერებს შორის, რომლებშიც გარდაცვალების მიზეზი მითითებული არ არის. ფრონტისპირა რაიონებში გარდაცვლილთა შორის მამაკაცების გაზრდილი წილის გათვალისწინებით, ამ შეფასებამ 3734-დან 9118 ადამიანამდე შეადგინა. დაჯგუფების მტკიცებით, მოპოვებულ მასალებში დაღუპულთა სახელები არ ფიგურირებს.