ირანის ხელისუფლებისა და საზღვაო უსაფრთხოების ბრიტანული კომპანიის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში საკონტეინერო გემი ჩაიძირა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ სატვირთო გემს ცეცხლი გაუჩნდა და ნაღმზე აფეთქების შემდეგ ჩაიძირა.
IRGC-ის განცხადებით, გემი, რომელსაც 2500-ზე მეტი კონტეინერი გადაჰქონდა, სრუტის გავლას ნებართვის გარეშე, სახიფათო მარშრუტით ცდილობდა. გავლისას ის ნაღმს დაეჯახა. IRGC-ის მიერ გავრცელებულ კადრებში გემზე შავი კვამლი და წყალში მოტივტივე მრავალი კონტეინერი ჩანს. თუ როდის მოხდა ინციდენტი, კორპუსის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა (UKMTO) ჯერ კიდევ 13 ოქტომბრის საღამოს გაავრცელა ინფორმაცია ტანკერსა და საკონტეინერო გემზე თავდასხმების შესახებ. 14 ოქტომბერს უწყებამ სამშაბათს მომხდარი კიდევ ორი თავდასხმის შესახებ განაცხადა. ორმა საკონტეინერო გემმა უცნობი წარმოშობის ჭურვებისგან უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. ორივე გემმა გადაადგილება განაგრძო. ამ ორ ინციდენტში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Vanguard-ის მონაცემებით, ჯამში თავდასხმის სამიზნე ოთხი გემი გახდა. საკონტეინერო გემი GFS Pride, რომელიც სინგაპურის დროშის ქვეშ ცურავდა, ჭურვის მოხვედრის შემდეგ ჩაიძირა. საზღვაო უსაფრთხოების სფეროში არსებული წყაროების ცნობით, გემი 2824 სტანდარტულ კონტეინერზე (TEU) იყო გათვლილი. პაკისტანის საზღვაო უწყებებმა ჩაძირული გემიდან მოტივტივე კონტეინერების შესახებ გააფრთხილეს. ტანკერ Alfonso-ს ადგილსამყოფელი უცნობი რჩება. ორმა სხვა გემმა, GFS Giselle-მა და Al Saadiyat-მა, მოძრაობა განაგრძო.
გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მონაცემებით, GFS Pride მეორე სავაჭრო გემია, რომელიც რეგიონში 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ ჩაიძირა.