ერ-რიადში მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე კვლავ განხორციელდა თავდასხმა. როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, დაიღუპა პაკისტანის მოქალაქე, ხოლო მინიმუმ 11 ადამიანი დაშავდა.
სააგენტო AP-ის მონაცემებით, აეროპორტი, რომელზედაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ოთხი დარტყმა განხორციელდა, 10 ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დახურულია. ეს თავდასხმა ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში აშშ-ისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. მაშინ დარტყმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, 11 ოქტომბერს თავდასხმა ასევე განხორციელდა ქალაქ დამამის მახლობლად მდებარე მეფე ფაჰდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე და ნავთობგიგანტ Saudi Aramco-ს ორ ობიექტზე. ერთ-ერთმა მგზავრმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ჭურვი ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, რამდენიმე გაჩერებულ თვითმფრინავთან ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია.
როგორც Reuters-მა დააზუსტა, თავდასხმების უკან იემენელი ჰუსიტი მეამბოხეები დგანან. ინციდენტებმა გამოავლინა საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის სუსტი წერტილები.
მანამდე ჰუსიტებმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავებმა თავი უნდა აარიდონ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეს და ის "სამხედრო ოპერაციების ზონად" გამოაცხადეს.
სექტემბრის დასაწყისში ჰუსიტებმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების გაფართოების შესახებ განაცხადეს და საუდის არაბეთის სამხრეთით მდებარე ოთხ ქალაქზე მიიტანეს იერიში. მასიური დაბომბვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ნავთობის ობიექტებზე კი ხანძარი გაჩნდა. თავის მხრივ, საუდის არაბეთმა 60-ზე მეტი საავიაციო დარტყმა განახორციელა რამდენიმე პროვინციაზე, რომლებსაც ჰუსიტები აკონტროლებენ.
ამავდროულად, ჰუსიტებმა გააძლიერეს თავდასხმები იემენში, რათა დაიკავონ ამ ქვეყანაში წითელი ზღვის მთელი სანაპირო. მათმა სამხედრო წარმატებებმა, მათ შორის, ბაბ-ელ-მანდების სრუტის სანაპიროზე მდებარე მოხას აღებამ, განაპირობა ის, რომ ირანმა და მისმა მოკავშირეებმა გაიმყარეს კონტროლი რეგიონის საკვანძო სანაოსნო გზებზე. მეამბოხეების თავდასხმები საფრთხეს უქმნის მსოფლიო სავაჭრო მარშრუტებს და ხელს უწყობს ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას. ჰუსიტების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტე დახურულია საუდის არაბეთის გემებისთვის.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა "იემენში კანონიერების აღდგენის კოალიციამ" 19 სექტემბერს განაცხადა, რომ იემენელი მეამბოხეები პირველად შეეცადნენ ერ-რიადზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმის განხორციელებას. "რაკეტა ჩამოგდებული და განადგურებულია", — დაწერა მაშინ სოციალურ ქსელ X-ში კოალიციის წარმომადგენელმა.