ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ახალი მთავრობის ფორმირებას ოპოზიციური პარტია "იაშადის" ლიდერს, გადი აიზენკოტს დაავალებს. როგორც სახელმწიფოს მეთაურის კანცელარიაში განაცხადეს, ოფიციალურად ჰერცოგი აიზენკოტს მანდატს იერუსალიმში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაში კვირას, 8 ნოემბრის საღამოს გადასცემს.

ამის შემდეგ მას მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება. საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტს შეუძლია, ეს ვადა დამატებით 14 დღით გაახანგრძლივოს. თავად მანდატი არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი ავტომატურად გახდება ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი.

თუ აიზენკოტი ამ დროის განმავლობაში მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, მანდატი შესაძლოა, სხვა პოლიტიკოსს გადაეცეს. კერძოდ, მმართველი პარტია "ლიკუდის" ლიდერს ბინიამინ ნეთანიაჰუს. თუ ვერც ის გაართმევს თავს, ქვეყანაში შესაძლოა, ახალი არჩევნები დაინიშნოს.

როგორც The Times of Israel წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკოსებთან და სხვა პარტიების ლიდერებთან მრავალრიცხოვანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო იმის თაობაზე, თუ ვისი ხილვა სურდათ მათ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. გამოცემის მონაცემებით, აიზენკოტმა 67 რეკომენდაცია მიიღო, მაშინ როცა ნეთანიაჰუმ — 46.

მანამდე ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდა, რათა ქვეყნის მართვაში არ დაეშვა იმ პარტიების მონაწილეობა, რომლებიც ისრაელის არაბულ მოსახლეობას წარმოადგენენ, რომელთაც მოქალაქეობა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ.