ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა დაუშვა, რომ რუსეთი გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს უკვე აგზავნის მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომელიც რუსეთში იძულებით გადაყვანილ და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს მიეძღვნა.

"ვითარებამ ამაზრზენი და მახინჯი სახე მიიღო: რუსეთი ახლა, სავარაუდოდ, უკან აგზავნის გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს, რათა მათ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლონ", - განაცხადა კალასმა.

გამოსვლისას მან ისაუბრა ლუკაზე — ერთ-ერთზე იმ 13 ბავშვიდან და მოზარდიდან, რომლებიც უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. კალასის თქმით, ის ახლახან გახდა 18 წლის და რუსეთის არმიაში გაწვევის უწყება უკვე მიიღო.

მთლიანობაში, კალასის მიერ დებატებზე მოყვანილი მონაცემებით, რუსეთმა 20 500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის უკანონო დეპორტაცია მოახდინა. მისივე ინფორმაციით, ნოემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 2790 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.