ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ლიეტუვის ხელისუფლების სურვილი, მიაღწიოს ამ გადაწყვეტილებას, არ უკავშირდება ქვეყნის მომავალ თავმჯდომარეობას ევროკავშირის საბჭოში. ბუდრისს მიაჩნია, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა "ატერორებს ჩვენს საზოგადოებებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და სხვა კერძო პირებს". მინისტრმა რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო შეადარა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს — ირანის ელიტურ სამხედრო-პოლიტიკურ ფორმირებას, რომელიც ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად 2026 წლის დასაწყისში აღიარა.

"ჩვენ რუსეთს უნდა გავაგებინოთ, რომ მისი ქმედებები ჩვენ წინააღმდეგ აღარ არის მხოლოდ ჰიბრიდული ომი, არამედ უფრო არაკონვენციური ომია და რომ მსგავსი ქმედებებით სავსებით შესაძლებელია, გადაილახოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზღვარი", — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.