ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის თვალსაზრისით, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები იმაზე მეტ თანაგრძნობას იმსახურებენ, ვიდრე მათ მიმართ იჩენენ. "თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ არა მხოლოდ უკრაინელი ბიჭების მიმართ, რომლებიც იღუპებიან, არამედ რუსების მიმართაც — მათ ხომ სამხედრო სამსახურში იწვევენ და ფრონტის წინა ხაზზე წასვლას აიძულებენ", — განმარტა მასკმა თავისი პოზიცია გაზეთ The New York Times-ის ღონისძიებაზე გამართულ ინტერვიუში.
მისი თქმით, მეტისმეტად გავრცელებულია მიდგომა: "უკრაინა კარგია, რუსეთი — ცუდი". "ყველაფრის გამართლება შეიძლება, რასაც რუსებს უკეთებენ" — ეს, მასკის მტკიცებით, "საშინელი პოზიციაა". ამასთან, მან აღიარა, რომ თავადაც ცდილობს, გაერკვეს, რომელი მიდგომაა სწორი.
მანამდე მასკმა ომის გაგრძელებას უაზრო სისხლის ღვრა უწოდა, თუმცა არ უხსენებია, რომ რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.
მასკმა ასევე გამოხატა გაგება რუსული არგუმენტაციის მიმართ, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდება. "რაც შეეხება შეჭრას, რუსეთი ნამდვილად აგრესორია. მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ, ამერიკელებმა, მოვაწყვეთ გადატრიალება უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრორუსი პრეზიდენტის დასამხობად". მისი თქმით, ეს აშკარა შეტევითი ქმედება იყო.
მასკი, აშკარაა, გულისხმობდა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, რომელიც 2014 წლის თებერვალში მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი მასობრივი პროტესტისა და დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ რუსეთში გაიქცა.
"ისე ჟღერს, თითქოს რუსეთისთვის გამართლებას ვეძებ, მაგრამ ეს ასე არ არის", — ხაზგასმით აღნიშნა მასკმა.
ამავდროულად, ბიზნესმენმა გაიხსენა, რომ მისმა კომპანია SpaceX-მა სატელიტური ინტერნეტსისტემა Starlink-ის მეშვეობით უკრაინას ომის მსვლელობისას იმაზე მეტი დახმარება გაუწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა კერძო პირმა. როდესაც რუსმა სამხედროებმა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანეს, დარჩა სისტემა, რომლის გათიშვაც მათ ვერ შეძლეს — Starlink, — განაცხადა მასკმა. მისი თქმით, ამ სისტემის გარეშე უკრაინის ფრონტის ხაზი ჩამოიშლებოდა.
ამასთან, მასკს პრაქტიკულად არ განუმარტავს სატელიტური სისტემის მუშაობის შეზღუდვების გარშემო ბოლო დროს ატეხილი დავის გარემოებები. უკრაინა აკრიტიკებდა Starlink-ის მუშაობის შენელებას, რაც ხელს უშლის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების გადაჭერას. ინტერვიუში მასკი კვლავ ამტკიცებდა, რომ უკრაინას წვდომა აქვს მხოლოდ Starlink-ის სამოქალაქო ვერსიაზე და არა სამხედრო სისტემა Starshield-ზე, რომელიც იმავე თანამგზავრებს იყენებს, მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშაა.