პერუს ცენტრალურ ნაწილში, ღამით 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პერუს გეოფიზიკის ინსტიტუტის (IGP) მონაცემებით, ეპიცენტრი ანდებში, ხუნინის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კმ-ში, 129 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) მიწისძვრის მაგნიტუდა ასევე 6,7-ით შეაფასა, თუმცა კერის სიღრმე 108 კმ-ით განსაზღვრა.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. თავდაცვის მინისტრმა რაფაელ ბელაუნდემაც განაცხადა დაშავებულების არარსებობის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ საუბარია წინასწარ მონაცემებზე. ხუნინის რეგიონში მსუბუქად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება.
პერუს საგანგებო სიტუაციების ცენტრის შეფასებით, მიწისქვეშა ბიძგები ზომიერი და მაღალი ინტენსივობით იგრძნობოდა. "მომატებული რისკის ზონებში მონიტორინგი გრძელდება", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მიწისძვრა იგრძნობოდა პერუს დედაქალაქ ლიმაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან 300 კმ-ში მდებარეობს, ასევე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ უანუკოსა და სანაპირო ქალაქ კალიაოში. ლიმის პოპულარულ ტურისტულ რაიონ მირაფლორესში ასობით ადამიანი იძულებული გახდა, ოფისები და შენობები დაეტოვებინა.