პოლონეთში თანამგზავრული ინტერნეტის ოპერატორ Starlink-ის მიწისზედა სადგურის ცეცხლის წაკიდების შემდეგ, ხანძარი ბულგარეთში მდებარე ანალოგიურ ობიექტზეც გაჩნდა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა, პარლამენტში გამოსვლისას, სოფიასთან მომხდარი ინციდენტის ფაქტი დაადასტურა.

რადევმა უარი თქვა შემთხვევის დეტალების გახმაურებაზე მიმდინარე გამოძიების მოტივით. თავის მხრივ, ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დემერჯიევმა პარლამენტში განაცხადა, რომ მისმა უწყებამ მსგავსი ობიექტების დასაცავად დამატებითი ზომები მიიღო, თუმცა მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მფლობელებს ეკისრებათ.

ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელ პლამენ ტონჩევის თქმით, სოფიასთან Starlink-ის ობიექტზე გაჩენილი ხანძარი დივერსიის შედეგია. "მსგავსი დივერსიული აქტები გამორიცხული არ არის მომავალშიც", — გააფრთხილა მან ბულგარეთის პარლამენტი.

ამავდროულად, ბერლინში ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ ამ ობიექტის დაცვა გაძლიერდება. მან ხაზი გაუსვა, რომ სოფიასთან მდებარე Starlink-ის ობიექტი კერძო საკუთრებაა.

ვარშავასთან მდებარე Starlink-ის მიწისზედა სადგური 23 სექტემბერს, ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ცეცხლი ელექტროქვესადგურსა და გენერატორს მოედო. Bild-ის მონაცემებით, სადგურმა მუშაობა მოკლე ხნით შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით ისევ ჩაირთო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლონეთის ხელისუფლებამ დივერსიის მცდელობაზე განაცხადა. "მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის წაკიდებაში რუსეთის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს, ბევრი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი შეესაბამება თავდასხმების წარმოების რუსულ ახალ დოქტრინას", — განაცხადა 23 სექტემბერს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა კშიშტოფ გავკოვსკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში, გერმანიაში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. მან Starlink-ის სადგურის ცეცხლის წაკიდებას "ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი აქტი" უწოდა და განაცხადა, რომ სავარაუდო დივერსანტები პოლონური სასამართლოს წინაშე წარდგებიან. თავის მხრივ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილებს ბრალი უცხო სახელმწიფოს დავალებით დივერსიის განხორციელებაში წარედგინებათ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა ამ საქმეზე კიდევ ორი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.