პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ არასაფრენი ზონის შემოღებას გეგმავს, რაც სამხედროებისთვის დამატებითი მხარდაჭერა გახდება, — განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა. მის სიტყვებს სააგენტო Reuters ავრცელებს.
"ეს იქნება შეზღუდული ზონა, რომელიც საზღვრიდან გარკვეულ მანძილზე — დაახლოებით 12 კმ-დან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე იქნება განლაგებული", — განმარტა ტომჩიკმა. სააგენტო AFP-ის ცნობით, ეს ზომა პოლონეთის არმიას საშუალებას მისცემს, ოპერატიულად მოახდინოს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული საფრენი აპარატების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩამოგდება.
ტომჩიკის თქმით, მთავრობა უკვე ამზადებს გადაწყვეტილებას არასაფრენი ზონის შემოღების შესახებ. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ზომები დეკემბრის ბოლოსკენ ან იანვრის დასაწყისში ამოქმედდება. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდებს, ანალოგიური ზომები მიიღონ საკუთარ აღმოსავლეთ საზღვრებზე.
ამასთან, პოლონეთის სასაზღვრო ზონაში გარკვეული შეზღუდვები უკვე მოქმედებს. Reuters-ის ინფორმაციით, დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში ფრენები პრაქტიკულად სრულად აკრძალულია, ხოლო დღის საათებში ფრენა მხოლოდ არანაკლებ 3 კმ სიმაღლეზეა დაშვებული.