ოქტომბრის ბოლოდან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობის 45%-ით შემცირება გამოიწვია, — წერს Reuters დარგის ორ წყაროზე დაყრდნობით. ბოლო 20 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყოველდღიური შეტევების შედეგად, ნედლი ნავთობის გადამუშავების მოცულობა დღე-ღამეში დაახლოებით 400 000 ტონამდე (დაახლოებით 3 მილიონი ბარელი) შემცირდა, მაშინ როცა ოქტომბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი 700 000 ტონას აღემატებოდა, — მიუთითებს სააგენტო.
რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნიდან 15-ის მუშაობა შეფერხებული ან შეჩერებულია
ამჟამად რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნიდან 15-ის მუშაობა შეფერხებული ან სრულად შეჩერებულია. ჯერ კიდევ გასული კვირის შუა რიცხვებში ასეთი ქარხნების რაოდენობა 9 იყო. Reuters-ის ინფორმაციით, დაზარალებულ საწარმოებს შორისაა ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები რიაზანში, იაროსლავლში, ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშსა და ვოლგისპირეთში.
ოქტომბრის ბოლოდან თავდასხმების შედეგად დაზარალებული რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ჯამური ნომინალური სიმძლავრე დღე-ღამეში დაახლოებით 500 000 ტონას შეადგენს. ეს ქვეყანაში ნავთობის პირველადი გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 54%-ის ეკვივალენტურია, რომელიც დღე-ღამეში 930 000 ტონით ფასდება, — წერს Reuters. სააგენტოს წყაროების თქმით, საწარმოო სიმძლავრეების თანდათანობითი შემცირების მიუხედავად, ნოემბერში ნავთობის გადამუშავების საშუალო მოცულობა დღე-ღამეში 500 000 ტონაზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც სექტემბრისა და ოქტომბრის მაჩვენებლებზე მხოლოდ 5-10%-ით ნაკლებია.
ნავთობგადამუშავების მოცულობის შემცირებამ, შესაძლოა, მსოფლიო ბაზრებზე საწვავის დეფიციტი გამოიწვიოს, ასევე საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის მიწოდება, — აღნიშნავს სააგენტო.