ამერიკული სისტემის, Starshield-ის — სამხედროებისთვის განკუთვნილი Starlink-ის სერვისის, რომელიც უკრაინას საბრძოლო ველზე კომუნიკაციისა და დრონების მართვისთვის სჭირდება — მუშაობის სიჩქარის შეზღუდვის განკარგულება თეთრი სახლიდან გაიცა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
"აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს აცნობეს, რომ კომპანია SpaceX-ის სერვისი Starshield უკრაინელი სამხედროებისთვის უნდა შენელდეს", — ნათქვამია პუბლიკაციაში. როგორც სტატიიდან ირკვევა, ჟურნალისტების წყარო აშშ-ის ადმინისტრაციის ორი და კიდევ ერთი დასავლური სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო, რომლებიც ვითარებას იცნობენ. თუ კონკრეტულად ვისგან მოდიოდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Starshield-ის მუშაობის შენელების გადაწყვეტილება და ვინ იყო პასუხისმგებელი ამ განკარგულების შესრულებაზე, რესპონდენტებს არ დაუზუსტებიათ.
სააგენტოს თხოვნაზე, პასუხი გაეცათ კითხვაზე — შეეძლოთ თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს Starshield-ის სერვისის სიჩქარის შეზღუდვის მითითების გაცემა უკრაინისთვის, თეთრი სახლისგან პუბლიკაციის მომენტისთვის ოფიციალური კომენტარი არ მიღებულა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს Starshield-ის ფუნქციონირების შეზღუდვების შესახებ, რამაც უპილოტო სისტემების მუშაობა და თავდაცვის ძალების ლოგისტიკა გაართულა, თუმცა 15 ოქტომბერს აღნიშნეს, რომ საველე პირობებში სერვისის მუშაობა აღდგა.
როგორც DW-ს მაღალი თანამდებობის უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, კიევს აშშ-ისგან კავშირის სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით განმარტებები არ მიუღია. "ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სიგნალს მოსალოდნელი შემდგომი შეზღუდვების შესახებ", — განაცხადა DW-ს რესპონდენტმა.
ამასთან, ავსტრიელმა სამხედრო ისტორიკოსმა მარკუს რაისნერმა 15 ოქტომბერს DW-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ "Starlink უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციისთვის საკვანძო ინსტრუმენტია და მის გარეშე ფონს გასვლა ძალიან რთულია".
"Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვას ამერიკული არმია ადგენს და არა SpaceX", — განმარტა კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა 14 ოქტომბერს. "Starlink არის SpaceX-ის კომერციული სერვისი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამოქალაქო ან თავდაცვითი ამოცანებისთვის, მაგრამ არა თავდასხმითი სამხედრო ოპერაციებისთვის", - დასძინა მეწარმემ.
გარდა ამისა, კიევსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, უკრაინა არაერთხელ ჩიოდა, რომ აშშ-ისგან რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ დროულ ინფორმაციას აღარ იღებს. თავად ტრამპი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას აგრძელებს.
Starshield — კომპანია SpaceX-ის სპეციალური სამხედრო და სადაზვერვო მიმართულებაა, რომელიც სამოქალაქო თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის ტექნოლოგიების ბაზაზე შეიქმნა, თუმცა სპეციალურად აშშ-ის ადმინისტრაციის, პენტაგონისა და ამერიკული სპეცსამსახურების საჭიროებებისთვის შემუშავდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტი ფრონტის ხაზზე უკრაინული საკომუნიკაციო სისტემის საფუძველი გახდა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვისთვის გამოიყენება.