რუსეთის ნაკრები არ არის 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის მონაწილეთა სიაში, რომელიც ტურნირში მონაწილეობის შერჩევის პროცედურის აღმწერ დოკუმენტშია მოცემული. დოკუმენტი ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) გამოაქვეყნა.
როგორც ონლაინ-გამოცემა Sport-express.ru წერს, ის ფაქტი, რომ რუსეთი შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას არ მიიღებს, ასევე გამომდინარეობს უეფას გენერალური მდივნის, თეოდორ თეოდორიდისის წერილიდან, რომელიც ორგანიზაციის ყველა წევრს გაეგზავნა.
ევრო-2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 6 დეკემბერს ბელფასტში გაიმართება. მასში 54 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 12 ჯგუფში გადანაწილდებიან. გუნდების განთესვა უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის საბოლოო რეიტინგის საფუძველზე განისაზღვრება.
წილისყრის შედეგების მიხედვით, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის; ბელარუსისა და უკრაინის; ესპანეთისა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებები. კოსოვოს ნაკრები ვერ მოხვდება ერთ ჯგუფში ვერც ბოსნია და ჰერცეგოვინას და ვერც სერბეთის გუნდებთან.
ევრო-2028-ის ჯგუფური ეტაპი 2027 წლის მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება, პლეი-ოფის მატჩები კი — 2028 წლის მარტში. ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასული რვა საუკეთესო გუნდი მიიღებს.
რუსული საფეხბურთო კლუბები და ეროვნული ნაკრებები უეფას ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებს 2022 წლის თებერვლიდან განუსაზღვრელი ვადით ჩამოაშორეს — რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრასთან დაკავშირებით. ამის გამო, რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა ვერ იასპარეზა 2022 და 2026 წლების მსოფლიო ჩემპიონატებსა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.