რუსეთში შესაძლოა, უცხოური ფილმების ჩვენება შეზღუდონ და კინოთეატრებში მათი სრული აკრძალვის პერიოდები დააწესონ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, სახელმწიფო სათათბირომ შეიმუშავა ცვლილებები კანონპროექტში "კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ", რომელიც რუსულ კინოთეატრებში უცხოური ფილმების ჩვენებაზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ТАСС დოკუმენტის ტექსტზე დაყრდნობით იუწყება.
კანონპროექტის თანახმად, ხელისუფლების მიერ წლის განმავლობაში დადგენილ პერიოდებში, რუსული კინოსურათების სასარგებლოდ, კინოთეატრებში უცხოური ფილმების ჩვენება აიკრძალება ან დროის მინიმალურ წილამდე შეიზღუდება. მსგავსი შეზღუდვების ჯამური ხანგრძლივობა კვარტალში 45 დღეს არ უნდა აღემატებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს წელიწადში 180 დღეზე.
ასეთ პერიოდებში უცხოურ კომპანიებთან რუსეთის ფედერაციაში ფილმების გაქირავების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები ბათილად იქნება ცნობილი, — წერს ТАСС. კვოტირების პერიოდებს წინასწარ, კინემატოგრაფიის რუსული ორგანიზაციების მონაწილეობით დაამტკიცებენ. სავარაუდოდ, ახალი ნორმა ძალაში 2027 წლის 1 მარტიდან შევა.