რუსული უპილოტო საფრენი აპარატი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ ხანმოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში სამშაბათს ღამით განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამიზნეებზე რუსეთის ფედერაციის იერიშის დროს მოხდა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა რადარების მეშვეობით უწყვეტად აკვირდებოდა დრონის გადაადგილებას. გაცემული იყო ობიექტის განადგურების ნებართვაც.
თუმცა, მას შემდეგ, რაც დრონმა კურსი აღმოსავლეთისკენ შეიცვალა, იარაღის გამოყენებაზე უარის თქმა გადაწყდა, რათა უპილოტო საფრენი აპარატის შესაძლო განადგურებისას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხე აეცილებინათ თავიდან.
მანამდე NATO-მ გამოაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვის გასაძლიერებლად ქვეყანაში სადაზვერვო თვითმფრინავ AWACS-ს აგზავნის. ალიანსში ამ თვითმფრინავის გადასროლის გადაწყვეტილება 20 ნოემბერს, პოლონეთში სამი რუსული X-101 რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ინციდენტის შემდეგ მიიღეს.